English / ქართული / русский /
ლია დვალიშვილი
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და დაბინძურება საქართველოში

ანოტაცია. ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. ნაშრომში გაანალიზებულია, როგორ უკავშირდება ჰაერის მაღალი ხარისხი  ცხოვრების მაღალ ხარისხს. მოყვანილია ჰაერის დაბინძურების შედეგად სიკვდილიანობით გამოწვეული ზარალისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებით მიყენებული ზიანის ამსახველი მონაცემები. აღნიშნულია, რომ საქართველოში ატმოსფერული დაბინძურება საკმაოდ მაღალია, ხოლო კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებსაც კი ვერ უახლოვდება. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ჰაერის ხარისხის ინდექსის მაჩვენებელზე. ხაზგასმულია ჰაერის დაბინძურების სფეროში დანერგილი სიახლეების თაობაზე. მითითებულია როგორ გავხადოთ ქვეყანა უკეთესი, სუფთა და მწვანე .

საკვანძო სიტყვები: ჰაერის ხარისხის ინდექსი; ატმოსფერული ნაწილაკები;ჰაერის ხარისხის ინტერაქტიული პლატფორმა; ემისია; ავტომატური მონიტორინგის ქსელი; ინდიკატორული გაზომვა. 

* * * 

დაბინძურებული ჰაერი არის მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელი, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მეცხრე გარდაცვალება უკავშირდება. მათ შორის ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის 36%; ინსულტის 34%; გულის დაავადებების 27% და ფილტვის ქრონიკული დაავადებების 35% (9).

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური განყოფილების მიერ შემუშავებული ჩარჩო-რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრულ 12 ძირითად მიმართულებას შორის, რომელიც გარემოსდაცვითი სტატისტიკის მთავარ სფეროებს ასახავს, ერთ-ერთ მიმართულებად ჰაერის ხარისხი განისაზღვრა.

ცხოვრების მაღალი ხარისხი დამოკიდებულია ჰაერის მაღალ ხარისხზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა მოსახლეობის მკვეთრი ზრდა, ტრანსპორტთან დაკავშირებული ემისიების ზრდასთან ერთად, პირდაპირ უკავშირდება ჰაერის ხარისხის გაუარესებას. თუმცა მხოლოდ  ეს ორი ფაქტორი არ არის მიზეზი.

თანამედროვე მსოფლიოში წიაღისეული საწვავის წვას ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ჰაერის დაბინძურებაში. წამყვანი დამნაშავეა მოძრაობაც, მაგრამ ქარხნები და ელექტროსადგურები გარკვეულწილად განაგრძობენ თავიანთი წვლილის შეტანას ამ საქმეში. ესენი არიან პასუხისმგებელნი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია ჰაერის ხარისხის ზრდა, რაც საგანგებო მდგომარეობის შემოღებით აიხსნება. მიმოსვლის საშუალებების მკაცრმა შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა ემისიების მოცულობაზე, შესაბამისად გამონაბოლქვზე, შედეგად ჰაერის ხარისხზე. ორმაგად შესამჩნევი გახდა ჰაერის გაჯანსაღება მსოფლიო მასშტაბით, დაბინძურებული ჰაერი ქვეყნიდან თითქმის გაქრა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სატრანსპორტო სექტორი არის გარემოს პირველი დამაბინძურებელი წყარო.

ზოგადად, ჰაერში მომწამვლელი ნივთიერების დონე აირების ტიპებით და წვრილი ნაწილაკების  რაოდენობით განისაზღვრება. მრავალი ათეული წლის მანძილზე მეცნიერთა კვლევის მიზანს წარმოადგენდა, დაედგინათ რა ხდიდა ასე საშიშს ატმოსფერულ ნაწილაკებს მაშინ, როცა ცუდი ხარისხის ჰაერის ჩასუნთქვა ინტენსიურ ხასიათს იღებდა. მსოფლიო მასშტაბით სამი წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა ამ კვლევაში. მათ მიერ ატმოსფერული ნაწილაკების სხვადასხვა ნიმუშების შეგროვება და მათი შემადგენლობის გაანალიზება სპექტომეტრული ტექნიკის გამოყენებით მოხდა შვეიცარიაში. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ატმოსფერული ნაწილაკების მავნე ბუნება განპირობებულია მისი ჟანგვითი პოტენციალით, რაც განაპირობებს ანთებითი პროცესების განვითარებას ფილტვებში. კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები უფრო დიდი სიმძაფრით განიცდიან წვრილი ნაწილაკების ზემოქმედებას, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი (8).

ჰაერის დაბინძურება გაცილებით ნაკლებად ჩანს, ვიდრე წყლის დაბინძურება. ბევრმა ადამიანმა ნაკლებად იცის იმ ჰაერის ხარისხის შესახებ, რომელსაც სუნთქავს და მის გავლენაზე საკუთარ  ჯანმრთელობაზე.

ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების დონის გასაზომად საუკეთესო სტანდარტია ჰაერის ხარისხის ინდექსი - AQI. იგი გარე ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ საზომადაა მიჩნეული. AQI ემყარება ნაწილაკების (PM2,5 და PM10), ოზონის (O3), აზოტის დიოქსიდის (NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2) და ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) ემისიების გაზომვას. AQI-ს მაღალი მაჩვენებლები გულისხმობს ჰაერის დაბინძურების მეტ დონეს. 100-ზე მეტი AQI ჯანმრთელობისთვის საშიშად ითვლება.

ჰაერის ხარისხის ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, რეალურ დროში ჰაერის ხარისხის მონაცემთა შესადგენად შვეიცარიის ჰაერის ხარისხის ტექნოლოგიური კომპანია (IQAir) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP)UN- Habitat გაერთიანდა. ჰაერის ხარისხის ინტერაქტიული პლატფორმა ამოქმედდა მსოფლიო ურბანული ფორუმის მეათე სესიაზე აბუ-დაბიში, 2020 წლის თებერვალში. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს ინდივიდებს, შეაგროვონ მონაცემები. მიდგომა ორმაგი სარგებლითაა: ინდივიდუალური გაზომვების უფრო დიდი რაოდენობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა ჰაერის ხარისხის შესახებ. მილიონობით მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომის შედეგად შეიძლება ჰაერის ხარისხის გაზომვები ადგილობრივი დაბინძურების დონის დასადგენად და პერსონალური სამედიცინო რეკომენდაციის მისაღებად პლატფორმის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით. პლატფორმა ამჟამად იღებს მონაცემებს 4000-ზე მეტი პროვაიდერისგან (მთავრობების ჩათვლით) და მას ჰყავს 15 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი (13).

ჰაერის დაბინძურება ევროპაში ერთ-ერთ დიდ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. ევროპის ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 95% განიცდის მტვრის შეწონილი ნაწილაკების PM2,5  და მიწისპირა ოზონის მავნე ზემოქმედებას. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები თითქმის ოცი წლის წინ დადგინდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ,,ევროპის ჰაერის ხარისხის სტანდარტი“ განისაზღვრა 35 ყველაზე გავრცელებული დამაბინძურებელი ნივთიერების მიხედვით და შესაბამისად დადგინდა მათი დასაშვები ნორმებიც.

აშშ-ში სუფთა ჰაერის ხარისხის სტანდარტი 1972 წლისათვის თავს უყრიდა ათ ყველაზე გავრცელებულ დამაბინძურებელ ნივთიერებას. 1990 წელს კანონში შეტანილი შესწორებების საფუძველზე ეს სტანდარტი 200 ნივთიერებას გაუტოლდა.

ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნისთვის საერთო პრიორიტეტები და მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებს, განსაზღვრულია სხვადასხვა დირექტივით. ჰაერდაცვითი პოლიტიკის სფეროში არჩეული დირექტივები ემსახურება ჰაერის შეფასებას და მისი ხარისხის მართვას.

კანონმდებლობა და ფორმატი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან  შეუსაბამოა. ჩვენს ქვეყანაში ატმოსფერული დაბინძურება საკმაოდ მაღალია, ხოლო კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებსაც ვერ უახლოვდება.  ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის სტანდარტები ეფუძნება მაქსიმალურად აღიარებულ მაჩვენებლებს და შეუძლებელია მისი პირდაპირ შედარება იმ სტანდარტებთან, რომელიც მიღებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და EC-ის მიერ.

ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით 15 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა. ანგარიში ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ერთობლივი ანგარიში ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების (EUROSAL) ეგიდით მომზადდა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზები სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორშია. ჰაერის დაბინძურების მთავარი, გამოკვეთილი წყარო კი არის ავტომობილების გამონაბოლქვი, ამავე დროს, მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებების ხანდაზმული ასაკი, რადგან ქვეყნის ავტოპარკის 91% ათ წელზე მეტი ხნისაა და წვის ძრავა მოძველებული.

უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კანონზე ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, რომელშიც უნდა ასახულიყო ჰაერის ხარისხის დაცვის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ღონისძიება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით ,,გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

კანონპროექტის მიხედვით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები წოდებულია როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი სტანდარტი და წარმოდგება გარემოს ხარისხობრივი ნორმების (სტანდარტების) შემადგენელ ნაწილად. მას ამტკიცებს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი სტანდარტის სახით. ამავე კანონპროექტით განსაზღვრულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.

უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებით ტექნიკური რეგლამენტის − ,,ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები“ − დამტკიცება, რომელიც ასახავს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივებით გათვალისწინებული მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრულ მნიშვნელობებს.

საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შემცირების მთავარ ინსტრუმენტს, ვინაიდან იგი საქართველოსგან 2023 წლის ბოლოსთვის ითხოვს ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ექვს მთავარ დირექტივასთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი საფრთხეების გადასაჭრელად საქართველოს მთავრობა იყენებს მონიტორინგის სისტემას, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღებული ინდიკატორული გაზომვის სტანდარტებზე. ჰაერის ხარისხის ახალი ავტომატური მონიტორინგის ქსელი შექმნილია საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზესტაფონი, ხოლო ჰაერის ნიმუშების შედგენა ხდება კვარტალურად ქვეყნის 25 მუნიციპალიტეტში. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები გაზომვისთვის იყენებს მაღალტექნოლოგიურ ნაწილაკთა სენსორებს. სხვადასხვა სტაციონარული სადგურებიდან ავტომატური კავშირისა და ინდიკატორული გაზომვების შედეგად მიღებული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემები თავს იყრის ერთ სივრცეში, პორტალზე - ,,Air.gov.ge”.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA) მუშაობის შედეგად საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემების ნახვა უკვე ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმშია შესაძლებელი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ჰაერის ხარისხი საშუალოზე უკეთესია. უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყნის PM2,5-ის წლიური საშუალო კონცენტრაცია არის 22მკგ/მ3, რაც აღემატება რეკომენდირებულ მაქსიმუმს 10 მკგ/მ3 -ს (10).

2020 წლის მონაცემების საფუძველზე საქართველოში ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI) ზომიერი იყო, კერძოდ - 68, PM2,5 -ის  კონცენტრაცია კი 2-ჯერ მაღალი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან მიმართებაში.

საქართველოში ჰაერის ნაკლებად ხარისხიანობას დიდწილად განაპირობებს ცემენტის წარმოება,  სამთო მრეწველობა, საკვების გადამუშავება, მანქანების გამონაბოლქვი. არსებული მონაცემების თანახმად, თბილისში მუდმივად მაღალია ჰაერის დაბინძურება. თბილისის გარდა, ჰაერის დაბინძურების კუთხით საქართველოს მსხვილი ქალაქებიც გამოირჩევა. ამის ძირითადი მიზეზი, ავტოტრანსპორტისა და მსხვილი სამრეწველო ობიექტების გამონაბოლქვის გარდა, მათ ტერიტორიებზე ე.წ. ,,მშენებლობის ბუმია“, რომლის დროსაც ჰაერში დიდი რაოდენობით მტვერი გაიფრქვევა.

2020 წლის მონაცემების საფუძველზე საქართველოს ყველაზე სუფთა ქალაქად მიჩნეულია ქუთაისი (იმერეთი), მისი AQI – 56, ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად კი რუსთავი (ქვემო ქართლი), AQI –91 (9).

2020 წლის ქვეყნების AQI რეიტინგში საქართველოს გლობალურ დაბინძურებაში 106 ქვეყანას შორის 37-ე  პოზიცია უკავია. მისი AQI-68. ამ ქვეყნების პირველი სამეულის ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI) შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ბანგლადეში-162;

2.პაკისტანი- 153;

3.ინდოეთი- 141.

ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თბილისი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია მსოფლიოში, სადაც დაბინძურება ნორმაზე 2,9-ჯერ მეტია. მთლიანობაში, ჰაერის დაბინძურება  წელიწადში საშუალოდ 3,741 გარდაცვლილ ადამიანთან ასოცირდება. შედარებისთვის: ვაშინგტონში (აშშ) დაბინძურება ნორმაზე 10 %-ით დაბალია; მადრიდში (ესპანეთი) უდრის ნორმას; რიგაში (ლატვია) ნორმას 70 %-ით აღემატება; ბრიუსელში (ბელგია) ის 80%-ით აღემატება ნორმას (9).

ის ფაქტი, რომ თბილისში დაბინძურება ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს, არ ნიშნავს რომ იგივე ვითარებაა მთელ საქართველოში. მაგალითად, აბასთუმანში  ზღვარი ნორმაზე 50%-ით ნაკლებია და დაახლოებით იგივეა, რაც ბონში (გერმანია).

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ ელექტრონული მანქანების გამოყენების წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია, ავტობუსების ,,პარკის განახლება და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტექნიკაზე გადასვლა“, დედაქალაქის რეკრეაციული სივრცეების მდგრადი განვითარება და ა.შ. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა და მწვანე ბიზნესის ხელშეწყობა.

,,მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს თბილისის მერია, რომელმაც შეიმუშავა გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 და მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა 2017-2030.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ცალკე აღებული თითოეული ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სუფთა ჰაერის ხარისხის შესახებ დასახულ  ღონისძიებებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის მასშტაბით ტყის რესურსების მარაგს, რადგან იგი უზრუნველყოფს მაღალი დონით ჰაერის ხარისხის შენარჩუნებას.

თანამედროვე მსოფლიოში არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ტყის რესურსების მოვლის თვალსაზრისით. ბევრი რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზრეა. ტყე არის საქართველოს სიმდიდრე და მას განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

მიგვაჩნია, რომ ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები ხელს შეუწყობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებასა და განვითარებას.

ჰაერის დაბინძურება დღის წესრიგში აყენებს ქვეყნის მომავალს. დღესდღეობით გარემოსთან დაკავშირებული თითოეული მოქმედება უმნიშვნელოვანესია. თითოეული გამოყენებული პროდუქტი წარმოადგენს ქვაკუთხედს, ქვეყანა გახდეს უკეთესი, სუფთა, მწვანე. მაგრამ თუ არ არსებობს კანონმდებლობა სახელმწიფო დონეზე, არანაირი რეალური პროგრესი არ იქნება.

მიუხედავად ბოლო პერიოდში განხორციელებული მრავალი სახის პოზიტიური ცვლილებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა. ქვეყნის კანონმდებლობა სათანადოდ ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, შედეგად, ვერ ხერხდება დაბინძურების მიზეზებისა და მისი შედეგების სიღრმისეული ანალიზი და შესაბამისად ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ევროკავშირის ფარგლებში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი უნდა შეფასდეს დაბინძურების დონეების მიხედვით. იმგვარი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა: სტაციონარული გაზომვა, მოდელირება, ინდიკატორული გაზომვა ან მათი კომბინაცია. საქართველოში, დღეის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა მსგავს მიდგომას არ ეფუძნება. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. https://www.greenalt.org
  2.  https://mepa.gov.ge
  3.  https://report.ge
  4. https://matsne.gov.ge
  5. www.ttimes.ge
  6. www.air.gov.ge
  7. https://www.tbilisi.gov.ge
  8. https://www.Timesofindia.indiatimes.com
  9. https://www.iqair.com/georgia
  10. https://www.Iamat.org
  11. www.geundp.org
  12. https://www.aqich.org
  13. www.unenvironment.org